суббота, 21 марта 2009 г.

ჩემი ჭახათა




ეს კლდე, ეს მდინარე
ბუნებამ დახატა,
ორმა უცხოელმა
ადგილი ჩახატა,
გაჭრეს რკინიგზა და
შეარქვეს ჭახათა.





ეს პატარა ლექსი ნესტორ გოქაძეს ეკუთვნის, ჩემი უბნის ღირსეულ მცხოვრებს.


ქუთაისის შემადგენელი უბნების რიგს ავსებს საფიჩხია, კერძოდ, მისი ზედა ნაწილი- ზედა საფიჩხია, ქალაქის მარცხენა ნაწილში საფიჩხიიდან მოწამეთამდე მდებარე
ნატყევარი ადგილი, რომელიც ,,ჭახათას" სახელწოდებით არის ცნობილი.
ძველად ,,ჭახათა" ქალაქის განაპირა რაიონად ითვლებოდა, თუმცა ნაწილობრივ ასეა დღესაც. უბნის გარეგან სახეს ბუნება შეადგენს


ტერიტორია, რომელიც დღეს ,,ჭახათას" ეკუთვნის, ადრე ზედა საფირჩხიად იწოდებოდა, დამახასიათებელი ვიწრო, ოღროჩოღრო ქუჩებით. ,,ჭახათა" თხზული სახელია: მჭახე და მთა. დროთა განმავლობაში ამ სიტყვებმა ფონეტიკური სახეცვლილება განიცადეს და დამკვიდრდა, როგორც ,,ჭახათა".
არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ ,,ჭახათა" ნიშნავს მკვახე, უმწიფარ ხილს. კიდევ ერთი ვერსიაა სახელთან დაკავშირებით: მდინარე წყალწითელას მარჯვენა ნაპირზე 1880-იან წლებში რკინიგზა გაიყვანეს ტყიბულის მიმართულებით, რის გამოც ტოპოგრაფიული ძიებისათვის აქ ჩამოსულები იყვნენ უცხოელები, რომლებსაც ეს ადგილი აუზომავთ და ჩაუხატავთ. ხალხი გაიძახოდა თურმე ,,ჩახატესო", შემდეგ ეს სახელი შეიცვალა და ,,ჩახატას" ნაცვლად ,,ჭახათად" იქცა.
1920-იანი წლების დასასრულს და 30-იანი წლების დასაწყისში წყალსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით წყალწითელას ქუჩა მოკირქვეს, რომლის მშენებლობაზე თურქები მუშაობდნენ. ამ ქუჩით ნატეხ კირქვას ეზიდებოდნენ ურმებით სადგურის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე საკირე ქარხნისაკენ. ჩვენს უბანში არის
1. არამადნეულ მასალათა ქარხანა, 2. წყალსადენი, 3.გადის ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო მაგისტრალი, 4. სატელევიზიო ანძა, 5. 22-ე საჯარო სკოლა, 6. საბავშვო ბაღი, 7.წმინდა ნიკოლოზის სსახელობის ეკლესია.
,,ჭახათის" განაშენიანება ახლომახლო სოფლებიდან ჩამოსული გლეხების ხარჯზე მოხდა, უბნის მდებარეობის გამო (მაღლობი და კლდოვანი ადგილი), მოსახლეობას წყლის პრობლემა ჰქონდა: სასმელ წყალს ორიოდე კმ-ის მოშორებით მდებარე ჭიდან ეზიდებოდნენ. 1936 წელს გაიყვანეს ელექტრო ხაზები, მოგვიანებით კი წყლის მილებიც გამოჩნდა უბანში.



უბანში კარგად ახსოვთ, რომ ტყესთან სიახლოვის გამო შეშას ძირითადად იქიდან ეზიდებოდნენ. ამ საქმით კი უფრო ბავშვები იყვნენ დაკავებული. ტყე იყო მათი გართობისა და დასვენების ადგილიც. დღეს ჩვენც ვუფრთხილდებით ნაძვნარს, რომელიც ჩვენი მშობლებისა და ბაბუების გაშენებულია. აქ ხშირად ვიკრიბებით და ვერთობით ხოლმე, განსაკუთრებით ზაფხულობით.


ჩვენს უბანში მდინარე წყალწითელა მიედინება. ეს პატარა ლამაზი მდინარეა, საბანაოდ და გასაგრილებლად ზაფხულში უკეთესს ვერაფერს ინატრებ. ერთი სიტყვით, ქალაქის გარეუბანში ცხოვრება ბევრად საინტერესო და სასიამოვნოა, ვიდრე ცენტრში.


ჩემს უბანში შედის კლდიაშვილის, განათლების, არაგვისპირელის, ტყიბულის ქუჩები თავისი შესახვევებით და ჩიხებით.


ძალიან გვიყვარს მე და ჩემს ამხანაგებს ჩვენი უბანი. აქ ყველა ახლობელია, ყველა ერთმანეთს იცნობს, ერთმანეთის სახლებში ვიზრდებით. გავა დრო და ჭახათა კიდევ უფრო გაიზრდება და გალამაზდება.